English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 2 ∘ ეკა ლეკაშვილიია ნაცვლიშვილი
ქალთა სამეწარმეო შესაძლებლობების კვლევა

მიმდინარე წლის დასაწყისიდან ცნობილი გახდა, რომ პროექტმა ,,ქალთა მეწარმეობა - ქალ სტუდენტთა გაძლირება სამეწარმეო კარიერისთვის“ (Female entrepreneurship – Empowering female students to pursue an entrepreneurial career (FEEN) გაიმარჯვა უმაღლესი განათლების და კვლევის მიმართულებით ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის (APPEAR) ფარგლებში.
პროექტის კოორდინატორია გრაცის (ავსტრია) უნივერსიტეტის პროფესორი საბინე ბერგნერი ფსიქოლოგიის დოქტორია და მიღებული აქვს ჰაბილიტაცია ბიზნესის ადმინისტრირებაში. მისი აკადემიური პოზიცია ერთმანეთთან აკავშირებს ლიდერობისა და მეწარმეობის და ფსიქოლოგიის დეპარტამენტებს. მას აქვს მეწარმეობის და ლიდერობის სფეროში კვლევის, სწავლებისა და ტრენინგის მდიდარი გამოცდილება. არის ძალიან აქტიური მეცნიერი სოლიდური საერთაშორისო გამოცდილებით. იგი იყო მიწვეული, მკვლევარი სლოვენიაში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში.
პროექტის ფარგლებში გრაცის უნივერსიტეტის პარტნიორია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მასში მონაწილეობენ თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორები - ეკა ლეკაშვილი (პროექტის კოორდინატორი) და ია ნაცვლიშვილი (პარტნიორი). პროგრამის ხანგრძლივობა 8 თვეა და მისი მიზანია ახალი საერთაშორისო კვლევითი და სასწავლო საპროექტო განაცხადის შემუშავება, რომელიც წარდგენილ უნდა იქნეს კონკურსში APPEAR-ის აკადემიური პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში.
პროექტი ემსახურება აკადემიური პარტნიორობის შექმნას ავსტრიასა და საქართველოს შორის, რაც დაეხმარება ახალგაზრდა ქალების გაძლიერებას სამეწარმეო საქმიანობის დაწყებაში. შესაბამისად, პროექტის მთავარი თემა ქალთა მეწარმეობაა. პროექტის საერთო მიზნის მიღწევა ორმხრივად ხორციელდება, რომელიც კონკრეტული ამოცანების შესრულებით მიიღწევა:
• გენდერული გამოწვევები მეწარმეობაში - კვლევა იმის გასარკვევად, თუ რა უშლის ხელს ქალებს სამეწარმეო კარიერის არჩევაში.
• სამეწარმეო ტრენინგი, რომელიც სპეციალურად შექმნილია ქალი სტუდენტებისთვის, და, თავის მხრივ, მოწოდებულია გაზარდოს აკადემიური განათლების მატარებელი ქალი მეწარმეების რაოდენობის გაზრდას საქართველოში.
პროექტი ასევე მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ინიციატივას, რაც აძლევს ქალ სტუდენტებს სამეწარმეო პოზიციების დაკავების შესაძლებლობას.
პროექტი, მეწარმეობის და მისი სწავლების საკითხს, ახლებური ჭრილით წარმოაჩენს კერძოდ, სტუდენტი ქალების მომზადებას სამეწარმეო კარიერული ზრდისთვის, რაც, თავის მხრივ, ემსახურება მდგრადი განვითარების რამდენიმე მიზანს:
• გენდერულ თანასწორობას
• ღირსეულ შრომას და ეკონომიკურ ზრდას
• ინდუსტრიას, ინოვაციასა და ინფრასტრუქტურას.
ამასთან, მთავარი მიზანი ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გრაცის უნივერსიტეტს (ავსტრია) შორის თანამშრომლობის განვითარებაა, რაც მიიღწევა აღნიშნული პროექტის ფარგლებში კვლევების ჩატარებით, სწავლების მეთოდების გაზიარებით, კვლევის შედეგების აღიარებულ რეცენზირებად ჟურნალებში გამოქვეყნებით და უფრო მასშტაბური პროექტის შემუშავებაში მხარეების მონაწილეობით. სწორედ ამ მიზნით განხორციელდა მიმდინარე წლის 23 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების ეკა ლეკაშვილისა და ია ნაცვლიშვილის მივლინება ავსტრიის რესპუბლიკაში, ქალაქ გრაცში, დაგეგმილია პროფ. საბინე ბერგნერის ვიზიტი საქართველოში. მოსამზადებელი პროექტის მთავარი მიზანი მიღწეულია - მომზადებულია ახალი პროექტის განაცხადი, ქალთა მეწარმეობის შესახებ, აკადემიური პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში.
საქართველოს რეალობის უკეთ აღსაქმელად ჩატარდა ქალ მეწარმეთა გამოკითხვა სამეწარმეო შესაძლებლობების თვითშეფასების კონტექსტით. გამოკითხვის შედეგები გამოყენებული იქნა ახალი პროექტის მიზნებისა და აქტივობების დასაგეგმად.
ზოგადად, მეწარმეობის თემა აქტუალურია, რადგან ის ქვეყნის ეკონომიკის განვითარების და კონკურენტუნარიაონობის ამაღლების ფაქტორია, რადგან მეწარმეები ქმნან სამუშაო ადგილებს (Kollmann et al. 2016), მუშობენ ინოვაციებზე (Sáez-Martínez et al., 2014) და ეს ზრდის მშპ-ს (Van Stel et al., 2005). შესაბამისად, მეწარმეობა განიხილება, როგორც მდგრადი ეკონომიკური განვითარების გზა.
მიუხედავად იმისა, რომ სამეწარმეო კარიერა ნებისმიერს შეუძლია აირჩიოს, ამ გზას უფრო მეტი მამაკაცი ირჩევს, ვიდრე ქალი, რის შედეგადაც მსოფლიოში 1,5-ჯერ მეტი მამაკაცი მეწარმეა, ვიდრე ქალი (Elam et al., 2021). გენდერული სხვაობა კიდევ უფრო მაღალია საქართველოში (Shneor et al., 2013).
რაც შეეხება გრაცის უნივერსიტეტს, ის 1585 წელს დაფუძნდა. ამჟამად უნივერსიტეტის 6 ფაკულტეტზე 40 000 სტუდენტი სწავლობს. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის წიაღში აღიზარდნენ შედგომში ნობელის პრემიის ლაურეატები, მათ შორის თვალსაჩინო ავსტრო-ამერიკელი ეკონომისტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი - ჯოზეფ შუმპეტერი. მეწარმეობაზე აქცენტირებაც შესაძლებელია სწორედ ამ ფაქტს დაუკავშირდეს, რადგან იგი დინამიკური კონკურენციის თეორიის ფუძემდებელია, რომლის თანახმადაც მეწარმეთა პერმანენტული ბრძოლა ბაზრის წილისთვის მუდმივად საჭიროებს ახალი პროუქტებისა და წარმოების მეთოდების დანერგვის აუცილებლობას, ხოლო პიონერი მეწარმეები, რომლებიც ხარისხობრივ და ტექნოლოგიურ ინოვაციებს ნერგავენ, დიდ მოგებას იღებენ.
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში არის პირველი უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, სადაც დაინერგა მეწარმეობის კურსები ჯერ კიდევ 2007 წელს პირეუსის უნივერსიტეტთან (საბერძნეთი) განხორცეილებული პროექტის -,,მეწარმეობის კურსები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ფარგლებში. ამ პროექტის განხორციელების პროცესში შემუშავდა ადაპტირებული ქართულენოვანი სახელმძღვანელო; ჩატარდა ინტენსიური ტრენინგები, წარიმართა სასწავლო პროცესი შეფასების კომპონენტის ჩათვლით; ჩამოყალიბდა სამეწარმეო განათლების ქართულ-ბერძნული ცენტრი. ცენტრის ფარგლებში მრავალი ინიციატივა დამუშავდა, მათ შორის განათლების ყველა საფეხურზე (ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი) სამეწარმეო განათლების საჭიროების აუცილებლობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს, ჩვენს ინიციატივებს მხარდაჭერა არ ჰქონდა, მოგვიანებთ აღმოჩნდა, რომ განათლების პოლიტიკის მესვეურებმა გაითავისეს სამეწარმეო განათლების საჭიროება. სამეწარმეო ცოდნის გავრცელების თვალსაზრისით ვითანამშრომლეთ საქართველოს სხვა სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებელებთან. სემინარებსა და კონფერენციებში მათი აქტიური მონაწილობით განვიხილავდით სამეწარმეო განათლების საკითხებს. პარალელურად, მუდმივად მიმდინარეობდა მუშაობა სოციალური მეწარმეობის, მცირე და საშუალო მეწარმეობის, სამეწარმეო უნივერსიტეტების საკითხების კვლევაზე და კვლევის შედეგები ჩართული იყო სასწავლო პროცესში. შესაბამისად, თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს აქვს საკმარისი გამოცდილება სამეწარმეო სწავლებასთან დაკავშირებით.
თსუ-ში სწავლებისა და კვლევის ინტერნაციონალიზაციის პროცესი ვითარდება და თუ ადრე დასავლეთ ევროპული მოწინავე უნივერსიტეტები ნაკლებად იყვნენ დაინტერესებულნი თსუ-ის შესაძლებლობებით, დღეს განსხვავებული მდგომარეობაა: უნივერსიტეტები აყალიბებენ კონსორციუმებს, ალიანსებს და ერთიანი მიზნით გამოდიან საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზარზე. ინტერესების თანხვედრა გრაცის უნივერსიტეტთან ადასტურებს, რომ თსუ საინტერესოა უცხოური მოწინავე უნივერსიტეტებისათვის. ჩვენ გვაქვს თანამედროვე გამოწვევებზე ორიენტირებული მიზნები და განვითარების პერსპექტივა და მიზანზე ორიენტიებულ შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატება ევროპის საგანამანათლებლო და კვლევით სივრცესთან ეფექტიან ინტეგრირებაზე გადის.